გორს ისრაელის ქალაქ ლოდის დელეგაცია სტუმრობდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლატვიის, ლიეტუვასა და უკრაინის დელეგაციებთან ერთად, გორს ისრაელის ქალაქ ლოდის დელეგაციაც სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ გორის მერს, დაესწრნენ 26 მაისის ღონისძიებებს, დაათვალიერეს სტალინის სახლ-მუზეუმი, გაეცნენ სასწავლო პროცესს გორის მე-3 საჯარო სკოლასა და №1 საბავშვო ბაღში.
„კონსტანტინე თავზარაშვილთან შეხვედრისას ლოდის მერმა იაირ რევივომ ისაუბრა გორსა და ლოდს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს დამეგობრების შესახებ მიმდინარე წლის მარტში მოეწერა ხელი მაშინ, როცა გორის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ქალაქ ლოდს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. შეთანხმება ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ორივე მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























