„საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი პროექტი გააცნო

„საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს ახალი პროექტი გააცნო

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა თენგიზ ლაკირბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს იმირასანის მაგისტრალურ არხზე შაუმიანი-ხიხანის ახალი სატუმბი სადგურის მოწყობის და არქევანის არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, მილსადენები, წყალგამანაწიებელი კვანძები, წყალშემკრებები და სხვა სამელიორაციო ნაგებობები.

პროექტის მიხედვით, სატუმბი სადგურები 3 სოფლის 1060 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.

„პროექტის განხორციელების აუცილებელი კომპონენტია მოსახლეობის მხრიდან წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობა, რაც წყლის არსებული დებეტის რაციონალურად განაწილებას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა ადგილობრივებს დაეხმაროს ტექნიკური საკითების გადაწყვეტაში.

წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ნაკლებ რესურსს საჭიროებს. გარდა ამისა, წვეთოვანი სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.

სარწყავი წყლის დაზოგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწიებთ, სარწყავი სეზონის განმავლობაში ნალექების ნაკლებობას, რაც შესაბამისად აისახება საირიგაციო სისტემებში წყლის დებეტზე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 920 000 ლარია. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის - წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტის განხორციელება წელს დაიწყება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.