ქვემო ქართლის პროკურატურის შენობა თითქმის 11-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 16 წლის მოზარდმა დატოვა, რომელიც 10-მდე სამართალდამცავს ძალადობაში ადანაშაულებს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შენობა თითქმის 11-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 16 წლის მოზარდმა დატოვა. არასრულწლოვანი 10-მდე სამართალდამცავს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, 4 სამართალდამცავი უკვე ამოიცნო, მათ შორის ერთ-ერთი ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელია, რომელიც პროკურატურამ დღეს დააკავა. მეორე სამართალდამცავი კი რომელიც მან ამოიცნო, მოზარდის განმარტებით, ის პოლიციელია, რომელიც სექსუალური ძალადობით აშინებდა.
"პოლიციაში რომ მიმიყვანეს, ოქროების ნაწილი დაკარგული იყო. მითხრეს სად არისო, ვუთხარი, რომ რაც მქონდა, მივეცი, შემდეგ სილა გამაწნეს, შემდეგ წიხლი დამარტყა, წავიქეცი და ხელი მომტყდა. სწორედ ეს პოლიციელია დაკავებული, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში ყველა მინდა რომ დააკავონ", - განაცხადა არასრულწლოვანმა თ.ა.-მ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ამოიცნო თუ არა ის ადამიანი, ვინც სექსუალური ძალადობით აშინებდა, არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ ის უკვე ამოიცნო.

























