ბათუმის უნივერსიტეტმა ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ხელშეკრულება შეუწყვიტა

ბათუმის უნივერსიტეტმა ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ხელშეკრულება შეუწყვიტა

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს ომარ მახარაძეს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება შეუწყდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე აცხადებს, ომარ მახარაძესთან დაკავშირებით თითოულმა წევრმა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ერთხმად დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს. ანზორ ბერიძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ომარ მახარაძე იყო მიწვეული, თუმცა ლექტორი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

"დისციპლინურმა კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ასახულია კომისიის ოქმში. კომისიის თითოეულმა წევრმა მასალაზე დაყრდნობით, ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. ფაქტზე სტუდენტები გამოვკითხეთ, თავად ომარ მახარაძე სხდომას არ დაესწრო",- განაცხადა ანზორ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს უკვე ყოფილ ლექტორს ომარ მახარაძეს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო: ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ხელშეკრულება შეუწყდა