მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.

“ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90-წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“. ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას, იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არამარტო მესტიელებისთვის, არამედ, მესტიის სტუმრებისთვისაც”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაბა მესტიაში ფოლკლორის ცენტრის არარსებობის გამო ადგილობრივ ანსამბლებს და ფოლკლორით დაინტერესებულ მოსახლეობას არ ჰქონდათ სათანადო პირობებში მუშაობის საშუალება. ახალი შენობა მათ საშუალებას მისცემს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში ჩაატარონ რეპეტიციები, კონცერტები და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება.