ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სიმსივნის დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სიმსივნის დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, რომელიც 27-დან 30 მაისის ჩათვლით გაიმართება, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1500-მდე ქალს საშუალება მიეცემა უფასოდ ჩაიტაროს სარძევე ჯირკვლის სკრინინგი.
მათი ინფორმაციით, სარძევე ჯირკვლის სკრინინგი მოიცავს: მამოლოგის კონსულტაციას; სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიას; სარძევე ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში სხვა ორგანოების ექოსკოპიას, სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ფუნქციურ ბიოფსიასა და ბიოპტატის ციტოლოგიურ კვლევას; სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში - მამოგრაფიას.
კვირეულის ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, კომპანია ,,ფეა თრიიზ"-ის ხელმძღვანელი მარიანა ბოლსი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიმსივნის პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული საქველმოქმედო ფონდ ,,ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის" და კლინიკა ,,კურაციოს" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ადგილობრივი ქალი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს.

























