თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს დამსწრე საზოგადოებისთვის აჭარაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის გაცნობა წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ეკონომიკის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე გაამახვილა.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებაზე. აჭარაში ბოლო 5 თვის განმავლობაში, დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი შეიქმნა. რეგიონში დაახლოებით 2-3 კვირის შუალედში ვაპირებთ 200 მილიონი დოლარის ახალი საინვესტიციო პროექტების გახსნას და ჩვენი მიზანია შეიქმნას 6000 სამუშაო ადგილი'', - განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის დროსაც ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, EBRD-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას სულ 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

























