არჩილ თალაკვაძე - თითოეულ დარღვევაზე და „წითელი ხაზების" გადაკვეთაზე, რამაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს, იქნება სამართლებრივი რეაგირება

არჩილ თალაკვაძე - თითოეულ დარღვევაზე და „წითელი ხაზების" გადაკვეთაზე, რამაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს, იქნება სამართლებრივი რეაგირება

თითოეულ დარღვევაზე და „წითელი ხაზების" გადაკვეთაზე, რამაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს, იქნება პრინციპული სამართლებრივი რეაგირება,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, სამუშაო მონაცემებით, შიდა კვლევებით, რომელიც მმართველ პარტიას აქვს, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტივობის შემთხვევაში მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში პირველ ტურში გაიმარჯვოს.

მისი თქმით, შენგელიას უპირატესობის შესახებ იციან გაერთიანებულ ოპოზიციაში, რის გამოც ისინი ზუგდიდში არეულობისთვის ემზადებიან.

„მე მივმართავ და ვთხოვ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, აქტიურად მიიღონ ხვალ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატის გეგა შენგელიას გამარჯვებას.

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებსაც იგივე მონაცემები აქვთ, უკვე რამდენიმე დღეა, მათაც იციან, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი ფლობს ამ უპირატესობას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებით და მცედლობებით, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია მოხდეს ზუგდიდის არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან ასეთი არეულობისთვის. მობილიზებული ჰყავთ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ახლა დარეგისტრირდა. თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იქ არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრობო ორგანიზაციები, ან მედიაორგანიზაციები. მაგალითად, ჩამონათვალში ასეთები არიან: ორგანიზაცია "აპრიორი", "პოლიტიკური სასამართლოს ობსერვატორია" და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით, სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვისაა შექმნილი. ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებული ადამიანის უმეტესობას ხვალ, არჩევნებში ექნება ზონდერის და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.