აჭარის მთავრობა - კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს

აჭარის მთავრობა - კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს

კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტები 1000 ადამიანის დასაქმებას და კურორტზე დამატებით 1300 განთავსების ადგილის გაჩენას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გოდერძზე მიმდინარე პროექტებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, კურორტზე ახალი სათხილამურო ტრასის და საბაგირო გზის მოწყობაა დაგეგმილი. ასევე სოფელ თაგოში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ამასთანავე, მიმდინარეობს „მწვანე ტბის“ განვითარების პროექტი. ტენდერით უკვე შერჩეულია მშენებელი კომპანია, რომელიც მწვანე ტბის კეთილმოწყობას განახორციელებს.

აჭარის მთავრობის ცნობითვე, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გაზსადენი შუახევიდან გოდერძიმდე, 54 კმ-ზე გაივლის. პროექტი დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 124%-ით არის გაზრდილი. წელს ხულოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება იწყება.

მარკირების პროექტების ფარგლებში მოხდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია. ძეგლები, ძველი არქიტექტურა და ისტორიული ადგილები, ჩანჩქერები, საპიკნიკე-საკარვე ადგილები, საოჯახო სასტუმრო სახლები შეისწავლება, დასურათდება და ტურისტულ რუკებზე დაიტანება.