კახეთის გუბერნატორი - ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

კახეთის მასშტაბით ოთხ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ზარალს ითვლიან. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ზარალის დათვლის შემდეგ მუნიციპალიტეტები მთავრობას შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
„ყველა დაზარალებულ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. იცით, რომ გუშინ ღამითაც იყო ნალექი, რაც აფერხებს სამუშაოების დაჩქარებას, თუმცა დღეიდან უკვე ამინი გამოვიდა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვაწარმოოთ სამუშაოები. მუნიციპალიტეტები ახლა მუშაობენ იმაზე, რომ აღრიცხონ, თუ რა ოდენობის ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგათ, რის შემდეგაც მთავრობის წინაშე წარსდგებიან უკვე ზარალის შესაბამისი ფონდის გამოყოფის მიზნით. ამავდროულად, სადაც საჭიროა, რომ დამატებით მძიმე ტექნიკა იქნას გამოყენებული, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან აფორმებენ სწრაფ ხელშეკრულებებს, რაზეც სპეციალური თანხები არის გამოყოფილი, რომ ის გადაუდებელი სამუშაოები შეასრულონ, რაც ამ ეტაპზე არის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უხვმა ნალექმა კახეთში, ყვარლის თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დაზიანებულია გზები, სასმელი წყლის სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები, მთიან ადგილებში ჩამოწოლილია მეწყერი და დატბორილია მოსავალი.

























