აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები ძალზე აქტიურია და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს რეგიონული ურთიერთობები. ქვემო სილეზია მეგობრობისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში ქვემო სილეზიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, პოლონეთის დელეგაცია, ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალის მიხაელ ბობოვიეცის მეთაურობით, ჩვენს რეგიონს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა. დელეგაციის შემადგელობაში მთავრობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ესწრებოდა, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში რეგიონებს შორის აქტიური ურთიერთობები დადებითად შეფასდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მზარდი ტურისტული ნაკადებისა და ეკონომიკური მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი რეგიონული პარლამენტების კონფერენციის შესახებ, რომელშიც ქვემო სილეზიის, ბრანდენბურგისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოები მიიღებენ მონაწილეობას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს თანამშრომლობისა და რეგიონთაშორის ურთიერთობების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.