ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა

მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სოფელ სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახურიდან აცნობეს.
მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატის განცხადებით, 7 თვის განმავლობაში, როცა ჭიათურის მერის მოვალეობას ასრულებდა, არაერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. გივი მოდებაძის თქმითვე, მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჭიათურაზე ზრუნვას გააგრძელებს.
„ბოლო 7 თვის განმავლობაში მე ვასრულებ ჭიათურის მერის მოვალეობას. ამ პერიოდის განმავლობაში დავიწყე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ისეთი პროექტების, როგორიცაა წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება, ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ჩემი ხელმძღვანელობით ჭიათურის მერიამ 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა ჭიათურაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. 19 მაისს თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მე ჩემს გუნდთან ერთად და თქვენი, მოსახლეობის ჩართულობით გავაგრძელებ ჭიათურაზე ზრუნვას. მჯერა ღირსეულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს," - განაცხადა გივი მოდებაძემ.

























