ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა სამარხების საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამთავრობო კომისია შეიკრიბა

ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა სამარხების საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამთავრობო კომისია შეიკრიბა

ბათუმში აღმოჩენილ რეპრესირებულთა სამარხების საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამთავრობო კომისია შეიკრიბა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ზაურ ახვლედიანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი კობა თედორაძე და აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შედის.

მინისტრის თქმით, სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ისტორიკოსები და არქეოლოგები ესწრებიან.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე კომისიამ უნდა უზრუნველყოს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანში ადამიანების ნეშტების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, შესწავლა, დაკრძალვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა.

შეხვედრას რეპრესირებულთა შთამომავლებიც ესწრებიან. ისინი ნეშტების იდენტიფიცირებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. მათი თქმით, რეპრესირებულთა ნეშტების დასაკრძალად ტერიტორია უნდა გამოიყოს, აღმოჩენილი ნივთები კი სპეციალურ მუზეუმში განთავსდეს.

"ასევე, უნდა მოეწყოს დაფა და არც ერთ რელიგიურ წარმომადგენელს უკმაყოფილება არ უნდა გაუჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ. გარდაცვლილთა შორის უამრავია მუსლიმი. ადამიანებს გაუჩნდათ ნაპერწკალი, რომ მიაკვლიეს გარდაცვლილ ახლობლებს", - განაცხადეს მათ შეხვედრაზე.

როგორც ცნობილია, ნეშტები ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია დასვენებული.