ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში მოთავსებული ორი უკრაინელი ბავშვი კლინიკას დღეს დატოვებს

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში მოთავსებული  ორი უკრაინელი ბავშვი კლინიკას დღეს დატოვებს

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ მოთავსებული ორი უკრაინელი ბავშვი კლინიკას დღეს დატოვებს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობა აღარ ესაჭიროებათ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს სოციალური სამსახურის მუშაკი თავშესაფრში გადაიყვანს.

კლინიკაში 10 უკრაინელი ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, რვამ კლინიკა 25 აპრილს დატოვა, 6 თვის და 2 წლის ბავშვები კი ამ დრომდე კლინიკაში რჩებოდნენ. ბავშვები ზუგდიდიდან კლინიკაში 20 აპრილს შეიყვანეს. მათ ნაწლავური ინფექცია აღენიშნებოდათ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე, 10 ბავშვის თანხმლები იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იულია სუსლიაკი აცხადებს, ბავშვები მისი შვილები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.