ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ფოთში, საკრებულოს სხდომა, სადაც მერი ანგარიშით წარსდგა, ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის მსვლელობისას რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციამ მერს ანგარიში დაუწუნა.
„მერის გამოსვლას მოვუსმინე და მივხვდი, რომ ის ცხოვრობს სულ სხვა რეალობაში და სულ სხვა ფოთში. გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, გაფლანგული საბიუჯეტო თანხები, სასამართლო დავები, რომლიც ჩვენს ქალაქს აქვს ამ ხელისუფლების პირობებში, ეს თურმე არაფერია და ჩვეულებრივია. უამრავი გეგმა დასახა. ისე ისაუბრა, თითქოს იდეალურად იყოს აქ ყველაფერი. რაც შეეხება ჩემსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ირაკლი კაკულიას გონია, რომ სულ პირადი ინტერესის გამო ვაკრიტიკებ. ის, რაც ამ ქალაქში ახლა ხდება ყველაფერი მისი მერობის პერიოდშია ჩადენილი. სწორედ მისი მერობის პერიოდში დაიწყო და შეჩერდა არაერთი მშენებლობა, თანხები გაიფლანგა“, - აცხადებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძე.
ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, ოპოზიციის წევრები არასწორ შეფასებებს აკეთებენ.
„ოპოზიციამ სავსებით არასწორი და არარეალური შეფასებები გააკეთა. ისინი პირადი ამბიციებიდან გამომდინარე აკეთებენ ასეთ განცხადებებს, არასამართლიან ფაქტებზე დაყრდნობით. ქალაქში ყველა მიმდინარე სამუშაო კონტროლდება მაქსიმალურად“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ კომენტარის გარეშე დატოვა.

























