იმერეთში ფერმერებს კონსულტაციებს უწევენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვის და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებით კონსულტაციები გაეწიათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებსა და 11 სოფელში უკვე გაიმართა. 23-დან 25 აპრილის ჩათვლით, შეხვედრები ბაღდათის, ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში (ვარციხე, დიმი, ძულუხი, დიხაშხო, ჭყვიში, მელაური, გომმუხაყრუა, ქორეისუბანი) მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა 2019 წელს კახეთის, გურიის, შიდა ქართლის, სამეგრელოს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 73 სოფელში 4000-მდე ფერმერს კონსულტაციები უკვე გაუწიეს.

























