ბათუმის მერიის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის მერიის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის მერიის შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ დაცვის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჯელალ ქიქავა ბათუმის მერის კაბინეტთან იყო მისული და ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიას ითხოვდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ჯელალ ქიქავას მიერ შეურაცხყოფის ფაქტზე მერიის დაცვის თანამშრომლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯელალ ქიქავა სამმართველოში გამოკითხვაზეა გადაყვანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით.

შეგახსენებთ, რომ ჯელალ ქიქავა, ბათუმის მერის კაბინეტთან იმყოფებოდა და ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა სიას ითხოვდა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ უწყებებში ნეპოტიზმია და მერია ამას მალავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი პატარიძის მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს ბათუმის წყალში. ა(ა)იპ-ებში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო, სიცრუეა“, - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

მის განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს.

„საამაყო მამა მყავს. დიახ, ის მუშაობს ბათუმის წყალში. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 8 თვეა რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. ა(ა)იპ-ებში ოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ და ჩვენ მათი დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებითაა, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა, ის აჭარის სირცხვილია,"- განაცხადა ირაკლი პატარიძემ.