რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის საკითხზე  ქალაქის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის საკითხზე  ქალაქის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესა და უმრავლესობის ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ჭყონდიდელის დასახლებაში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის საკითხი განიხილეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რუსთავის საკრებულოს გააცნეს ის არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგება მოსახლეობა ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას. შეხვედრას აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა არასამთავრობო სექტორსა და მოსახლეობას მოუწოდა დიალოგის ფორმატში განიხილონს ეს საკითხი, იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობასთან კომუნიკაციის მზაობა გამოთქვა და ის მზადაა მედიატორის როლიც კი შეასრულოს სამინისტროსა და მათ შორის.

,,მნიშველოვანი შეხვედრა იყო. იყო კითხვა-პასუხის ფორმატი, იყო, რა თქმა უნდა, მწვავე კითხვებიც. იყო რაღაც შეთანხმებებიც, იყო რაღაც, რაშიც არ ვეთანხმებოდით, მაგრამ რაც მთავარია, თავად მინისტრმა გამოთქვა სურვილი მოსახლეობასთან შეხვედრის. არასამთავრობო სექტორი მიესალმება მინისტრის მზაობას შევედრაზე. ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მოსახლეობის აზრი. ვფიქრობ ეს ფორმატი წაადგება ჩვენ მუშაობასაც და ხალხთან ჩვენი კომუნიკაციის უფრო მჭიდრო ფორმატს“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა. .

შეხვედრის ერთ ერთი მონაწილის, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ხელმძღვანელის დავით მეტრეველის განცხადებით, არავინ დავობს, რომ ქვეყნისთვის პენიტენციური რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა მორიგი ციხის აშენება ქალაქის განვითარებისთვის იქნება შემაფერხებელი. მათი ერთადერთი მოთხოვნაა, შეიცვალოს ციხის მშენებლობის ლოკაცია და ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით აშენდეს და არა თუნდაც 100 მეტრში.

,,ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხს ვაყენებთ, შეიცვალოს ლოკაცია რაც მოცემული გვაქვს. გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პენიტენციური რეფორმა, გვესმის, რომ ეს არის პატიმრების უფლებების დაცვა, ამაზე არავინ არ დავობს. საკითხი დგას მხოლოდ ასე - ქალაქის განვითარებისთვის ეს დაწესებულება იქნება შემაფერხებელი. ვიმსჯელეთ, იყო არგუმენტების გაცვლა, რას მოიტანს ქალაქისთვის კარგს და რა აქვს უარყოფითი მხარე. შეხვედრას ესწრებოდა მოსახლეობა, რომელსაც ძალიან გულწრფელი დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფერთან და მგონია, რომ თუ ჩვენ ყველა - არჩეული თვითმმართველობა, არჩეული მერი, სამოქალაქო სექტორი, მოსახლეობა შევჯერდებით, რომ ეს არის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გვექნება სწორი მიმართულება, შესაძლებელია, რაღაც ცვლილებები მოვახდინოთ. მთავარია ეს ერთიანობა შედგეს და დღეს იყო პირველი მცდელობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დავით მეტრეველმა.