აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ. ოპერატორები ამბობენ, რომ ისინი ტელევიზიაში მემონტაჟის ფუნქციასაც ასრულებენ და ხელფასებით უკმაყოფილოები არიან.
„ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას, რაც დიდი ხანია ტელევიზიაშია, ორ პოზიციაზე ვმუშაობთ, თუმცა ვიღებთ ერთი პოზიციის ანაზღაურებას. ამის შესახებ საკითხი იანვრიდან დავაყენეთ, თუმცა დირექტორი მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით შემოიფარგლა, შემდეგ კი საერთოდ უარი გვითხრა, რომ ანაზღაურება გაიზარდებოდა. სანამ არ მივაღწევთ სამართალს, მანამდე არ შევწყვეტთ გაფიცვას", - განაცხადა ოპერატორმა ლაშა ჯოყილაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე 13:00 საათზე იმსჯელებს. მისი თანამდებობიდან გადაყენება ბორდის ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ დ გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში ტელევიზიის რეიტინგმა იკლო.
იხილეთ ვიდეო: აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ

























