19 და 20 აპრილს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლებს წარუდგენს

19 და 20 აპრილს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლებს წარუდგენს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, 19 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთავის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორების სოსო ნემსაძისა და ლევან სვანაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „თოვლივით თეთრი თოვლი“ პრემიერა გაიმართება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა.
„თბილისური ამბავი, რომელიც ყველა დროსა და ეპოქას ერგება, სცენაზე ფანტასმაგორიული ჟანრით გაცოცხლდება. როგორი შეიძლება იყოს პაბი ბიბლიოთეკა და ვინ შეიძლება იყრიდეს მასში თავს, თუ არა რომანტიკოსი და არაორდინალური იდეებით შეპყრობილი საზოგადოება. დრამატურგი, რომლის პიესებიც 80-90 -იან წლებში აქტიურად იდგმებოდა ქართულ თეატრში, რუსთაველ მაყურებელს თავს ისევ შეახსენებს. ,,თოვლივით თეთრი თოვლი“ ლაშა თაბუკაშვილის მეორე პიესაა, რომელიც რუსთავის თეატრის რეპერტუარში დაიმკვიდრებს ადგილს. სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ზვიად დოლიძე, თეონა ხვედელიძე, მაია ჯავახიშვილი, ვაკო კობერიძე, გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი (კუკური) ბექაია მონაწილეობენ. მხატვარი ლომგულ მურუსიძეა, მუსიკალური გამფორმებელი კი გოგიტა მაისურაძე,“ - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.
20 აპრილს, 20:00 საათზე კი ამავე თეატრში ორმოქმედებიანი კომედიის ,,დილა მშვიდობისა ასდოლარიანო!“ გაიმართება. სპექტაკლს რეჟისორი ქეთი დოლიძე რუსთავის თეატრის ცისფერ სცენაზე წარმოადგენს. პიესის ავტორები პეტრე ხოტიონოვსკი და ინგა გარუჩავა არიან.
„სად იყივლებს გენეტიკური სისხლი და რა ძალა აქვს ქართულ სიტყვას, შეიძლება თუ არა, დაგავიწყდეს ენა, რომელზეც მთელი ცხოვრება მეტყველებ და რამ შეიძლება გადაგაწყვეტინოს საკუთარი ადგილსამყოფელის სამუდამო დატოვება. სპექტაკლი, რომელიც ქართულ ტრაგედიის კომიკურ და ამავე დროს, ოპტიმისტურ განცდას გადმოსცემს. რუსთავის თეატრის მსახიობებთან: ნათელა მუხულიშვილთან, ნათია არბოლიშვილთან და ლაშა კანკავასთან ერთად, მოწვეული მსახიობი იური ფოფხაძეც მონაწილეობს,“ - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.

























