აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აქციის მონაწილეებს - თქვენი კითხვები ლეგიტიმურია, ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო განიხილავს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების კითხვები ლეგიტიმურია. მისივე თქმით, ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო განიხილავს.
„ყველა კონკრეტული შემთხვევა რეგულირების სააგენტოს მიერ იქნება განხილული და საბჭოს სხდომაზე გამოტანილი,“ - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
შეკრებილების განცხადებით, აჭარაში ექიმების დაუდევრობით მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, ისინი ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს კონკრეტულ ფაქტებს აცნობენ და კითხვებს უსვამენ.
აქციას ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან იმყოფებოდნენ.

























