ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან აქცია დასრულდა

ზუგდიდის პოლიციის რაიონულ  სამმართველოსთან აქცია დასრულდა

ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოსთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სამართალდამცავებისგან პირობა მიიღეს, რომ ახალგაზრდას, რომელიც შსს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, დღეს გაათავისუფლებენ.

"დღეს ვიშლებით იმ პირობით, რომ ჩვენს თანასოფლელს, ახალგაზრდა ბიჭს გამოუშვებენ, რომელიც სამხარეოსთან აქციის მსვლელობისას დააკავეს. თუ არ გამოუშვებენ, ამ საღამოსვე შევიკრიბებით და აქციას გავმართავთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სვეტა დგებუაძე.

ზუგდიდში ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით, სამხარეო პოლიციასთან აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. პოლიციის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით ზუგდიდში დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.