„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელი მეორე ქესალო დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელი მეორე ქესალო დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა

მარნეულის რაიონის სოფელი მეორე ქესალო დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, მოსახლეობამ თავად შეკრიბა ბუნებრივი აირის შემოყვანის თანხა, გაიყვანეს მილებიც, მაგრამ გაზი დღემდე არ არის გაშვებული.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და მარნეულის მერობის კანდიდატთან აჰმედ იმამკულიევთან საუბარში ადგილობრივები სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ.

როგორც „ევროპული საქართველოში“ განმარტავენ, სოფელს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც აწუხებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივების პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს, ამიტომ, მისივე თქმით, „გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა“.

„არც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ადამიანებს არ აქვთ ყურადღება, არავინ უგვარებს მათ პრობლემებს. არ ეხმარებიან, რომ გადაჭრან წყლის, გაზის და გზებისა და სხვა ძირითადი პრობლემები.

გამოსავალი ამ ყველაფრიდან, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების შეცვლა. თითოეულმა მარნეულელმა უნდა იცოდეს, რომ მომავალი მერის არჩევნები, ეს არის მათი საშუალება შეცვალონ ცხოვრება უკეთესისკენ და აირჩიონ ისეთი კანდიდატი, რომელიც პრობლემას მოაგვარებს, მათ გაჭირვებას გადაწყვეტს და რაიონს წინ წაიყვანს",- განაცხადა დავით ბაქრაძემ