რუსთავში სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია იმართება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სასჯელაღსრულების ორი დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. აქციაში მონაწილეობენ ადგილობრივი მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი ციხის მშენებლობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ პეტიციით უკვე მიმართა რუსთავის მერიას. დღეს კი ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებლებმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ერთობლივი პეტიციით მიმართეს.
პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერის ნინო გოგინაშვილის განცხადებით, რუსთავში უკვე არსებობს რამდენიმე ციხე და საცხოვრებელ კორპუსებთან ასე ახლოს კიდევ ახალი ციხის მშენებლობას აღარ დაუშვებენ. მისი თქმით, რუსთავი არ უნდა გადაიქცეს ციხეების ქალაქად.
იუსიტიის მინისტრის სახელზე შედგენილ პეტიციას ხელი 757 ადამიანმა მოაწერა. როგორც აქციის მონაწილეები და პეტიციაზე ხელმომწერები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ პეტიციის განხილვამდე, დაუყოვნებლივ შეწყდეს მშენებლობა და ადგილზე მივიდეს თეა წულუკიანი. აქციის მონაწილეები თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ მშენებლობა არ შეჩერდება.

























