რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულების მშენებლობა გააპროტესტა, ხმაური იყო

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულების მშენებლობა აქციით გააპროტესტა, ხმაური იყო.
აქციის მონაწილეები რუსთავში მორიგი ციხის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ციხის მესერი რამდენიმე მეტრშია საცხოვრებელი კორპუსებიდან და მათ არ უნდათ, რომ ბავშვები ციხესთან ახლოს გაიზარდონ.
აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. რუსთავის მერსა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს წევრ ნანა შატბერაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ირაკლი ტაბაღუამ შატბერაშვილს მოუწოდა, საკითხს პოლიტიკური და პარტიული მიზნებისათვის ნუ გამოიყენებს. ირაკლი ტაბაღუამ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ პეტიციას და მოსახლეობის ხელმოწერებს ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაზე, შესაბამის სამინისტროში გადააგზავნის.
„ამ საკითხის სამართლებრივი გზით გადაჭრა უნდა მოხდეს და არა ის, რომ ვინმემ, ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს. მოსახლეობა მოგვმართავს პეტიციით და მერია მას შესაბამის სამინისტროს გადაუგზავნის. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთავრობას მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაუხედია და შეუცვლია კონკრეტული პროექტი, ასე მოხდა ცოტა ხნის წინ აჭარაში", - განაცხადა რუსთავის მერმა.

























