ჟერარ ჟერმანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია

ფრანგულ-ქართული ასოციაციის - „საქართველოს ცენტრში“ დამფუძნებელი ჟერარ ჟერმანი, ქალაქ შატონეფის მერი ემანოელ დელმოტი, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ჟერარ ჟერმანი სოფელ ანაგაში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი თაოსნობითა და დაფინანსებით, რამდენიმე წელია, ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან.
სწავლისთვის განკუთვნილ ტექნიკურ ბაზას და სასწავლო მასალებს ასოციაცია „საქართველოს ცენტრში“ აფინანსებს.
„სამომავლოდ, ფრანგმა სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ბავშვებს საინტერესო წინადადება შესთავაზეს: წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად დაეუფლებიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ“, - ნათქვამია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა სტუმრებს საქველმოქმედო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული პროექტის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

























