ირაკლი ტაბაღუა - სკოლამდელი განათლება ჩვენთვის პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულებაა

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, „საქართველოს სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის” დამფუძნებელი შვიდი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, დეკლარაციას - „სკოლამდელი განათლება-ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება“ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.
დეკლარაციის ხელმოწერის ღონისძიებაში, მონაწილეობა რუსთავის, ბაღდათის, გარდაბნის, მარნეულის, თიანეთის მერებმა, ოზურგეთისა და დუშეთის მერების პირველმა მოადგილეებმა მიიღეს. აღნიშნული ინიციატივა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), ასოციაცია „კივიტას გეორგიკასა“ და „საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის“ მიერ იქნა მხარდაჭერილი.
„სკოლამდელი განათლება ჩვენთვის არის პრიორიტეტული სოციალური ანგარიშვალდებულება. „სკოლამდელი აღზრდის ეროვნული ასოციაციის“ შექმნა და დღეს 7 მუნიციპალიტეტის მიერ დეკლარაციაზე ხელმოწერა, არის ის წინგადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარებას და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ასოციაციაში თავდაპირველად 7 მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, დღეს უკვე 42-ია, ამ 42 მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში 67 ათასი ბენეფიციარია. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან სკოლამდელი აღზრდის სფეროს განვითარებაში და ზოგადად ამ საკითხების გადაჭრაში, უფრო მეტ აქტივობას გამოიჩენენ და უფრო მეტ გამოცდილებას შეგვძენენ“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
დეკლარაციის პირობების თანახმად, ხელმომწერი მუნიციპალიტეტები მხარს დაუჭერენ სკოლამდელი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ განვითარებას, სკოლამდელი განათლების პრაქტიკაში, აგრეთვე მართვისა და დაფინანსების სისტემებში ბავშვზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების პრონციპების დანერგვას, უზრუნველყოფენ ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას.
რუსთავის მერიაში გამართულ ღონისძიებას, საერთაშორისო ორგანიზაციების „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children), ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები, „საქართველოს სკოლამდელი განათლების ასოციაციის“ თავმჯდომარე, მუნიციპალიტებების ოფიციალური პირები და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებების, ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებიც ამავდროულად „საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის“ წევრები არიან.

























