დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული "ბაკურიანობა 2019" გაიმართება

3 აპრილს დაბა ბაკურიანში სახალხო დღესასწაული "ბაკურიანობა 2019" გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სპორტული, ასევე კულტურული ღონისძიებები.
„ზამთრის სპორტის სახეობებში შეჯიბრებებს დიდველი უმასპინძლებს. 11:00-დან-17:00-მდე პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის ჩატარდება შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში, თხილამურებით სირბილში, სლალომსა და სნოუბორდში. გამარჯვებულების დაჯილდოება 17:00 საათზე კინოთეატრ „დიდველში“ შედგება, რის შემდეგაც გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
„ბაკურიანობის“ დღესასწაული ტრადიციულია და ის ყოველ წელს აღინიშნება.
ღონისძიებები ადგილობრივების ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება“, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























