სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ

სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ

სოციალური მუშაკები რეგიონებშიც გაიფიცნენ. სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები არასათანადო პირობებს აპროტესტებენ. მათი თქმით, თანამშრომელთა რაოდენობა ცოტაა და ვერ ახერხებენ სრულყოფილად მუშაობას.

„სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის", „დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის“, - ამ ლოზუნგებით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას ბათუმშიც მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ თამარ ღუნაშვილმა განაცხადა, მას აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაშვებით ემუქრება.

„ბათუმში არასდროს ყოფილა რესურსი. საკუთარი ხელფასით ვეხმარებით ბენეფიციარებს. გვიწევს ფეხით სიარული და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები იღუპებიან და ვერ ვშველით“, - აცხადებს თამარ ღუნაშვილი.

სოციალური მუშაკების პროტესტს კახეთშიც შეუერთდნენ. სოციალური მუშაკები განმარტავენ, რომ მათი ყოველდღიური სამუშაოდან გამომდინარე ანაზღაურება მინიმალურია, ბენეფიციარების დახმარებისთვის განკუთვნილი სერვისები კი არასაკმარისი.

„ძალიან დატვირთულები ვართ, ვმუშაობთ 22 მიმართულებით, მაშინ როდესაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობა რა არის, იმის გაკეთებას ვერ ვასწრებთ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ხარჯით ხდება ბავშვების და სხვა ბენეფიციარების გადაყვანა და ადგილზე მისვლა. გასაუმჯობესელია ბევრი რამ და აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ შეგვიქმნან შესაბამისი პირობები“, - განაცხადა სოციალურმა მუშაკმა ნინო მარტიაშვილმა.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დღეს დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.