ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარას წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბილის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, The Times-ის, National Geographic-ის, Snow-Forecast.com-ის, InTheSnow Magazine-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებმა სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ დაათვალიერეს. მედიატურის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, მთის კურორტების მართვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუმრობდნენ. კურორტ გოდერძის გარდა, სპორტულმა ჟურნალისტებმა გუდაური, ასევე სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიის ცნობით, წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

„კურორტი გოდერძი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტია აჭარისთვის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ კურორტის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ერთადერთი კურორტია, რომელიც განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით ვითარდება და მალე ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს უმასპინძლებს,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.