ოპოზიციური გაერთიანება ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ბახტაძეს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ქუთაისში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ გააპროტესტა. გაერთიანების წარმომადგენლებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან განცხადება გაავრცელეს და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართეს.
„მოგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა, რაც რა თქმა უნდა, უმეტესწილად „ქართულ ოცნების“ „დამსახურებაა”, ქუთაისზე განსაკუთრებულად მძიმე შედეგი იქონია. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ბოლო წლებია ისედაც დგას უმძიმესი პრობლემების წინაშე, რასაც დაემატა ის, რომ ჩვენს ქალაქთან მიმართებაში საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთადერთი ,,ქმედითი” გადაწყვეტილება მიიღო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კვლავ გადაიტანა დედაქალაქში. აქამდე ფორმალურ რანგში არსებული საპარლამენტო სტატუსი - ბევრი ქუთაისელისათვის იმ იმედის მომცემი იყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ რეალურად გავხდებოდით საპარლამენტო დედაქალაქი, ზოგადი სიტუაცია და პირადი მდგომარეობა ამით გაგვიუმჯობესდებოდა, ხოლო თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს პერსპექტივის განცდაც გამოგვეცალა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მომართვის ავტორებს ეჭვი გვეპარება, რომ თქვენს მიერ გაცემული რომელიმე დაპირება როდესმე მოვა სისრულეში, უნდა ვაღიაროთ, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსის და 60000 სტუდენტის გამოჩენის", - განაცხადეს გაერთიანების წევრებმა.
მათივე თქმით, უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდნენ და იქ არსებული სიტუაცია და მშენებლობის ტემპი ვერც გაცემულ დაპირებებთან და ვერც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოლოდინთან შესაბამისობაში ვერ მოდის. მათივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მორიგი ბლეფია, ამიტომ გაურკვეველია პარლამენტის ალტერნატივად რას სთავაზობენ ქალაქს.
აღნიშნულ ოპოზიციურ გაერთიანებაში გაწევრიანებული არიან: "ახალი მემარჯვენეების", "ლეიბორისტული პარტიის", "ევროპელი დემოკრატების", "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სუბიექტები.

























