რუსთავში დასუფთავების აქცია მოეწყო

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივითა და ქალაქის მერიის ხელშეწყობით, რუსთავში დასუფთავების აქცია მოეწყო.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, გარემოსდაცვითი კამპანიების - „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში გამართულ აქციას, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ ტიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი პეტერ ერიქსონი, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა ბოსტანქალაქის ქუჩაზე, #3 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ტერიტორიაზე სიმბოლურად ფიჭვის ხის 10 ნერგი დარგეს.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს ინიციატივითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი კამპანია „ლურჯი ნაკადული“, საქართველოს მასშტაბით, 2011 წლიდან ტარდება.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად, 22 მარტს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1993 წლიდან აღნიშნავენ.

























