ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „ბალუ“ გაქურდეს. როგორც მეპატრონემ ნაზიბროლა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, წაღებულია თანხა და დაზიანებულია მაღაზიის შესასვლელი კარი. მისი ინფორმაციით, ეს მაღაზიის გაქურდვის უკვე მესამე შემთხვევაა.

„არ არის დიდი რაოდენობის თანხა წაღებული, თუმცა მესამედ გვიწევს მინის კარის შეცვლა. სამართლადმცველები მოვიდნენ, თუმცა არაადეკვატურად მოგვექცნენ. დაგვემუქრნენ, რომ ხმაური ავტეხეთ და ჯარიმას დაგვიწერდნენ. იძულებული გავხდით, რომ დაგვერეკა გენერალურ ინსპექციაში. წინა შემთხვევაზე არ გვაცნობეს თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეცა“, - განაცხადა მეპატრონემ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია დამნაშავე. რაც შეეხება წინა ორ შემთხვევას, როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე გახსნილია, დამნაშავეები არასრულწოვნები არიან. უწყების ცნობით, გენერალურ ინსპექციაში შესულ განცხადებაზეც მიმდინარეობს შესწავლა.