თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანა

თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა სწავლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდამ შეძლოს წარმატებით დასაქმდეს სხვადასხვა სფეროში.

,, დიდი ყურადღება დაეთმობა განათლებას და შემდეგ უკვე კარიერულ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი. ამას დასჭირდება ბევრი მუშაობა. საჭირო იქნება თქვენი მხრიდან ჩართულობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ ეს სურვილი თქვენგანაც მოდის. წელს უკვე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლების დაფინანსება და დაახლოებით, ბიუჯეტის მეოთხედი გადანაწილდება განათლების სფეროზე. არცერთ მონდომებულ ახალგაზრდას არ უნდა შეექმნას შეფერხება განათლების კუთხით’’, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამების პრეზენტაცია. სტუდენტებმა კი, თავის მხრივ, განათლების სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. მოწვეული სტუმრები ახალგაზრდების ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელებულ პროექტებსაც გაეცნენ და სამი ქედელი ახალგაზრდის გამოცდილება მოისმინეs , თუ როგორ მოხვდნენ საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით.

შეხვედრის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა წარჩინებული მოსწავლე ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.