სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ხელისუფლებას რეკრეაციული ზონის მოწყობისკენ მოუწოდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნერგები დარგო. მოსახლეობამ ამ ფორმით ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა და ხელისუფლებას ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობისკენ მოუწოდა.
„ტერიტორიას აბინძურებენ, საფრთხეს გვიქმნიან და არ ჯობია, ამის ნაცვლად ხეები დარგონ, გარემოს მოუარონ? ჩვენ არ მივცემთ მშენებლობის უფლებას, კარვებს გავშლით ადგილზე და ტექნიკასაც არ შემოვუშვებთ“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას დაპირდათ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ პერმანენტული აქციებს აანონსებენ.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ჭოგნარში ნაგავსაყრელის პროექტი დამტკიცებულია და მშენებლობა მარტში დაიწყება.

























