დავით ოქიტაშვილმა ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა

„საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი გაღიზიანება ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებებმა გამოიწვია. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში ხდებოდა არა მარტო მისი, არამედ მისი ოჯახის შეურაცხყოფა.
„ბოდიშს ვიხდით, რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ორი დღის განმავლობაში გიგა შუშანია რა სიტყვებით მოგვიხსენიებდა. ჩვენს ოჯახებსაც შეეხო და ჩვენ ვართ თურმე თაღლითები. მე თუ ვარ თაღლითი, მე მომმართე და ოჯახებს ნუ ეხებიან“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნაზე შენობის მდგრადობის საკითხთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის მდგრადობის დადგენა.
„რაც შეეხება დასკვნას, ამ წუთებში სამხარაულის ექსპერტები მუშაობენ ამ ობიექტზე. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ობიექტი არის მდგრადი. არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერთ ხელს თუ არ იქნება მდგრადი და დასკვნა არ დაიდება. ჩვენ ვიხდით ექსპერტიზის დასკვნის მომსახურების თანხას, ჩვენ არ მოგვითხოვია არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან და არც მოვითხოვთ. ჩვენი მთავარი მოტივი ისაა, რომ აქაური ახალგაზრდები იმსახურებენ თბილისში და ბათუმში კი არ იარონ ღონისძიებზე, არამედ, მათ ჰქონდეთ ეს ფართი. ჩვენ ორი თავი არ გვაქვს, რომ კონცერტი ჩავატაროთ და ადამიანებს საფრთხე შევუქმნათ. წინა კონცერტზეც შემოწმდა შენობა და ყოველ ჯერზე შემოწმდება“,- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, ქუთაისში არსებული ობიექტის "საქართველოს კულტურის პალატისთვის" უსასყიდლოდ გადაცემას საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებამ გამოიწვია.
შენობის უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად დაპირისპირების მიზეზი შენობის მდგრადობის შესწავლის საკითხი გახდა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, შენობაში კონცერტები ტარდებოდა და მისი მდგრადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობდა.
საკრებულომ შენობის გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.

























