რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას შეხვდნენ

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და საკრებულოს დეპუტატები, ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერმა შეხვედრაზე ჭყონდიდელის დასახლებაში განხორციელებულ, მიმდინარე და წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ჭყონდიდელის დასახლებაში გრანელის ქუჩის #7, #9, #11, #23, #25, გიორგაძის ქუჩის #8, ჩეხოვის ქუჩის #6,#8, #8ა და #10 საცხოვრებელი სახლების დაზიანებული ფასადების, ხოლო რჩეულიშვილის ქუჩაზე #18 კორპუსის ეზოში ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები განხორციელდება.
ბარნოვის ქუჩის #8 საცხოვრებელ შენობასთან დაგეგმილია სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, უახლოეს პერიოდში ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩებზე გზების, ტროტუარებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყება. ასევე, სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
ჭყონდიდელის დასახლებაში, 2018 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის: რეაბილიტაცია ჩაუტარდა #41 საბავშვო ბაღის სარინერს და ტერიტორიის გზის საფარს, რჩეულიშვილის #10 და #10ა-ს შორის სანიაღვრე სისტემას, რჩეულიშვილის ქუჩის #18-ში მუნიციპალიტეტის ახალი შენობა აშენდა. დასახლების სხვადასხვა უბანში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 42 შენობის სახურავი შეკეთდა.
დღეისათვის მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს.

























