ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 5 პირს ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ისინი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რომლებიც ადვოკატებმა უკვე მოინახულეს.

ადვოკატების განცხადებით, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე თვის წინაც მოხდა, თუმცა დაპირისპირების კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ.

„მე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. ესენი არიან რევაზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე. ისინი ამბობენ, რომ თავდამსხმელებისგან თავს იცავდნენ. სავარაუდოდ, მათ პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს, რადგან როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ხულიგნობის მუხლით ედავება“, - განაცხადა ადვოკატმა როინ აბაშიძემ.

ბათუმში, ორი დღის წინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ოთხს ადგილზე გაეწია დახმარება, ორს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 5 ადამიანი დააკავა.