რუსთავში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, დედის დღე მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების დედებს, პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტაბაღუა რუსთავის ცენტრალურ და კლინიკა „რუსთავის“ სამშობიარო სახლებსაც ესტუმრა, სადაც ახალშობილთა დედები მოინახულა და მათთან ერთად, დღესასწაული მედპერსონალსაც მიულოცა.

გიგა ლორთქიფანიძის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, რუსთავის სამხატვრო სტუდიების, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მიერ დედის დღესთან დაკავშირებით შესრულებული თემატური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, ჩატარდა სადღესასწაულო კონცერტი. კონცერტში ანსამბლებმა „სალხინომ, “მე რუსთაველმა“, „თუთარჩელამ“, „გროსოქტეტმა“, გერმანიის ქალაქ ჰანოვერის ოპერის მომღერალმა გიორგი დარბაიძემ და სხვა რუსთაველმა შემსრულებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქალაქის მერმა, თეატრში მისულ ქალბატონებს დედის დღე თაიგულებით მიულოცა.

3 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერიისგან სიმბოლური საჩუქარი 270-მა სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა დედამ და ხანდაზმულთა მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრებმა ქალბატონემაც მიიღეს.