იმერეთის რეგიონში ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით შეხვედრები გაიმართა

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შესახებ (გეოგაპი/GeoGAP) და სოფლის მეურნეობაში დარგობრივი ასოციაციების მნიშვნელობაზე შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, გეოგაპის მიზანია, უვნებელი და მიკვლევადი ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერების სერტიფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის მიღებასა და რეალიზაციას Geo GAP სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერული მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიზანია, მწარმოებლის სერტიფიცირების გზით, უზრუნველყოს ქვეყანაში პირველადი წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდა და შენარჩუნება. ასევე, სასურსათო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება.
„ის სტანდარტები, რომელის დანერგვასაც აპირებს ფერმერთა ასოციაცია, ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო ფერმერებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყოს კონკურენტუნარიანი. სწორედ ამის შესახებ მივაწოდეთ ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია”, -განაცხადა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა საბა მესხმა.
იმერეთის რეგიონში ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრებს, პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“-ის ბენეფიციარი ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მათ ადგიბობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს საქმიანობისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
„შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და ფერმერებისა და მეწარმეების კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო საქმიანობას,“- აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის წამომადგენელმა ქეთი გოგოჭურმა.

























