კომპანია „ბათუმის წყალი“ „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსახლეობისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებისგან

კომპანია „ბათუმის წყალი“ „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსახლეობისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებისგან

კომპანია „ბათუმის წყალი“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსახლეობისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებისგან.ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საკრებულოს სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, შპს „ბათუმის წყალის“ მიერ ინფორმაციის დაფარვასთან დაკავშირებით რაც არ შეესაბამება სიმართლეს, მიზნად ისახავს შპს „ბათუმის წყალის“ დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გვსურს განვმარტოთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ შპს „ბათუმის წყალს“ ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით 2019 წელს მიმართა ორჯერ.

I შემთხვევაში მოთხოვნილი იყო - შპს „ბათუმის წყალის“ 2018-2019 წლების ბიზნეს გეგმა და 2019 წლის შესყიდვების გეგმა.

მოთხოვნისამებრ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს და შესყიდვების გეგმის შესახებ. შესყიდვების გეგმის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია ინფორმაციის მიღება და გადამოწმება.

მეორე შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მოთხოვნილი იყო ინფორმაცია შპს „ბათუმის წყალში“ დასაქმებული თანამშრომლების საშტატო ნუსხის შესახებ, სახელ-გვარის, თანამდებობის, დაბადების თარიღებისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრების მითითებით.

შპს „ბათუმის წყალის“ მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ წერილობითი სახით მიეწოდა ინფორმაცია, რომ შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ. შპს „ბათუმის წყალი“ მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფიანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო, ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსების წესით, შესაბამისად კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ნაწილში შპს „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში არ ვრცელდება.

გარდა ამისა, მოთხვნილი ინფორმაცია შეიცავს პირად მონაცემებს, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.

აღნიშნული საკითხის განხილვა გასულ წლებში განხორციელდა ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ. ორივე ინსტანციის სასამართლომ დეტალურად შეისწავლა საკითხი საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შპს „ბათუმის წყალს“ არ გააჩნია.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მოსახლეობისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდებისგან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.