ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და ამ დროისთვის წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის აპრილში დაიწყებს.
„დღეის მდგომარეობით, ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყლის ცენტრალიზებული სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი. მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 6,400,000 ლარით დაფინანსდება, სამუშაოების დასრულება 2020 წლის მაისში არის დაგეგმილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

























