რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან, 9 თვის წინ ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გოდერძი მახარაშვილისა და არჩილ ანთიძის ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი გაცხადებით, ორივე ახალგაზრდა უკვე 9 თვეა პატიმრობაში ცრუ ბრალდებით იმყოფება, საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს, მათ თუნდაც შესაძლო დანაშაულს.

ბრალდებულების ადვოკატის, შორენა ბაღაშვილის მტკიცებით, საქმეში არის მხოლოდ ორი მოწმე პოლიციელი, რომელთაც სასამართლო პროცესზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცეს.

რუსთავში, რუსთაველის #19-ში, ბრალდებულ არჩილ ანთიძის საცხოვრებელ ბინასთან, რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ანთიძე და მისი მეგობარი გიორგი მახარაშვილი დააკავეს. როგორც მოგვიანებით ბრალის წარდგენისას გაირკვა, პოლიცია დაკავებულებს, ანთიძის ეზოშივე, მისი მეზობლის ავტომობილიდან, ე.წ კატალიზატორის მოპარვის მცდელობას ედავებოდა.

"არც ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულის ჩადენის მცდელობასთან. ექსპერტებმა სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ არც სუნის და არც სხვა ნიმუშები ბრალდებულების ნიმუშებს არ დაემთხვა. საქმეში არ გვაქვს თითის კვალი, არც ავტომობილზე და არც პოლიციის მიერ საჭვო ვითარებაში ამოღებულ ქანჩებზე. მათ შორის არც დეენემის და არც ანაბეჭდის კვალი", - აცხადებს, ადვოკატი შორენა ბაღაშვილი.

სასამართლო პროცესი ცოტა ხანში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. ბრალდებულებს 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.