ზესტაფონში საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, თანამშრომლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა შორაპანში, ეროვნული აჯანყების მონაწილეთა ხსოვნის მონუმენტი გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. შევიკრიბეთ დაბა შორაპანში, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის შეწირული გმირების უკვდავსაყოფად, მონუმენტია აღმართული. დიდია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ მათ სახელს,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ფერაძემ.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონში სახელმწიფო დროშა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია.

























