ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდის მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მხარდამჭერებმა მსვლელობა ავტომანქანებით მოაწყვეს და სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულეს. აქციის მონაწილეები თენგიზ ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ვითხოვთ, რომ გამოუშვან უდანაშაულო ადამიანი. ვმართავთ მშვიდობიან აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. არავის არ ვუშლით ხელს, მხოლოდ თენგოსთვის ვიბრძვით. კიდევ უფრო მეტი ვიქნებით. სასამართლოს ვთხოვთ, გირაოთი გამოუშვან“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორის ხატია ჯანაშიას თქმით, ისინი მიზნის მისაღწევად აქციებს კიდევ გამართავენ.

„ხვალ არის თენგიზ ქობალიას საქმის არსებითი განხილვა. ჩვენი მოთხოვნაა, ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვან. მისი გარეთ ყოფნა არ შეუშლის გამოძიებას ხელს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

ქობალიას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდში რამდენჯერმე გაიმართა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის ინფორმაციით, ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.