სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული უკვე მუნიციპალიტეტში მე-18 საბავშვო ბაღია.
გახსნის ღონისძიებას დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მარიკა ოთარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ ბულაჩაურში საბავშვო ბაღი 27 წელი არ ფუნქციონირებდა და მისი მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებით, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საძინებელი, კვების ბლოკი და სველი წერტილები. ამ ეტაპზე, იგი 24 აღსაზრდელისათვისაა გათვალისწინებული, ხოლო ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში უკვე დასაქმებულია 10 ადგილობრივი მოსახლე.

























