ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე დღეს კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, კონკურსის მთავარ მიზანს პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებას და განვითარება წარმოადგენს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

„ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი გახლავთ საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი. მისი გაშენება მოხდა 1850 წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე „ბორჯომულას“ ხეობაში, იქ სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო, 15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები.იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა.პარკი მარადმწვანე ბუნებაშია ჩაფლული, მისი ფართობი დღეს 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია.

შემუშავებული კონცეფცია უნდა მოიცავდეს: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან ხედვას; ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება - განვითარებას; პარკის პერსპექტივაში გაფართოების ზონებს; სარეკრეაციო ფუნქციის განვითარებას; ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება - მოვლა - პატრონობას, (დეკორატიული ცივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების დამატებას; ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს; პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრეაციო, დასასვენებელი, გასართობი, ტექნიკური და სხვა; მწვანე პარკირების ზონას; პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს, გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; არასამთავრობო სექტორს; საინიციატივო ჯგუფებს; სხვადასხვა კომპანიას; პროფესიონალ არქიტექტორებს, ურბანისტებს და მათ გაერთიანებებს; საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ან მათგან შემდგარ ჯგუფებს; მიიღება როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური ნაშრომი;

საკონკურსო ჟიური დაკომპლექტდება 10 წევრისაგან. მის შემადგენლობაში იქნებიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბორჯომის საპატიო მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები.

კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ ასევე მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. მისი გამოცხადების ოფიციალური თარიღია 15 თებერვალი, დასრულება მოხდება 15 მარტს. (მე-2 ეტაპი: 25 მარტი - 5 აპრილი)პირველ ეტაპზე, შემოსული ნაშრომებიდან ჟიური საუკეთესო პროექტებს შეარჩევს.მე-2 ეტაპზე ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, შერჩეული ნაშრომებიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი. მოქალაქეებს მათთვის სასურველი პროექტისათვის ხმის მიცემა ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლებათ.

კონკურში მონაწილე პირს ან ჯგუფს შეუძლია ნაშრომი წარმოადგინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში, ვიზუალური მასალით, ასევე აუცილებელი იქნება ნაშრომის ელექტრონული ვერსია. კონკურსანტებს მასალის გამოგზავნა შეუძლიათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელ. ფოსტაზეც borjomimunicipality@gmail.com. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ, ნომერზე: 557 38 62 49“, - ნათქვამია ინფორმაციაში.