თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია ,,ნიუ ატლასს“ ლობირებს

თავდაცვის  სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ  შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია ,,ნიუ ატლასს“ ლობირებს

თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ძალებისთვის მაღალყელიანი ფეხსაცმელების შეძენის ტენდერში კომპანია ,,ნიუ ატლასს“ ლობირებს.

„ტენდერი, რომელიც „ნიუ ატლასმა“ თავდაცვის სამინისტროში მოიგო და მიაწოდა უწყებას მაღალყელიანი სამხედრო ფეხსაცმელები, გამოცხადებული იყო 2016 წლის 1 ივლისს ყოფილი მინისტრის პერიოდში (მინისტრი ამ პერიოდში გახლდათ თინა ხიდაშელი), მას შემდეგ ,,ნიუ ატლასს“ თავდაცვის სამინისტროს არც ერთ ტენდერში არ გაუმარჯვია. შესაბამისად, არის თუ არა ეს კომპანია „შავ სიაში“, ამის გადამოწმების საჭიროება არ დამდგარა ჩვენს დღის წესრიგში. რა პირობითაც გამოცხადდა 2016 წლის ივლისში ტენდერი, იმ პირობითვე ჩაიბარა კომპანიამ მითითებული საქონელი. მიღებული საქონლის კვლევის შედეგად კი დღეს თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტექნიკური პარამეტრები. ამ ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ხორციელდება ამ ეტაპზე, შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი ხარისხის და სტანდარტის სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმლის შეძენა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.

შეგახსნებეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის, „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, კომპანია ,,ნიუ ატლასი“ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტით სარგებლობს და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია 2018 წელს შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ შეიყვანა, ტენდერების პირობების დარღვევისთვის, იზორიას უწყება კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობებით აცხადებს ტენდერებს.