თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაციას საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალური გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელთან, პატრიკ შანაჰანთან გამართავენ შეხვედრას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან.

კონფერენციის პარალელურად დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, შვედ და ლატვიელ კოლეგებთან. ღონისძიების მეორე დღეს ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრება. ამავე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.