რუსთავის საკრებულოში მგზავრობის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

რუსთავის საკრებულოში სამოქალაქო აქტივისტებთან და სტუდენტებთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გაზრდილი მგზავრობის საფასურის შემცირებას მოითხოვდნენ.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა და ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდებს მოუწოდეს, საკითხის პოლიტიზირებას ნუ მოახდენენ. რუსთავის მერის განცხადებით, თვითმმართველობა ტრანსპორტის თემაზე აქტიურად მუშაობს, კომპანიის მიმართ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციები გატარდა, რაც შეეხება ტარიფის ფორმირების საკითხს, ამაზე სპეციალურად შექმნილ კომისიაში ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ტარიფის ფორმირება ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა ახალგაზრდების ჯგუფს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ, სადაც კომპანია „ინტერტრანსის" წარმომადგენლებიც იქნებიან და მათთან ერთად განიხილონ ეს საკითხი.
გაზრდილი ტარიფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს, თუმცა მიიღეს შეთავაზება, რომ ხუთშაბათს, 12.00 საათზე დაესწრებიან სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც კომპანია „ინტერტრანსის" წარმომადგენლებიც დაესწრებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ პროტესტის რა ფორმას მიმართავენ მომავალში თუ მგზავრობის საფასური არ შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაიზარდა, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

























